სასარგებლო რჩევები ომანში მოგზაურობისათვის

ომანი

ომანში მოგზაურობის დაგეგმვა ყველაზე რთული აღმოჩნდა (52 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ირანი და ჩინეთიც კი არ ყოფილა ასეთი რთული დასაგეგმი), ძირითადად იმის გამო, რომ ნაკლებად ტურისტულია და, შესაბამისად, ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს, სულ რამდენიმე ბლოგს და უსარგებლო ჯგუფებს თუ არ ჩავთვლით. ამ ბლოგებზე ერთადერთი ტიპის ინფორმაცია, რასაც ნახავთ ისაა, როგორი აღფრთოვანებული დარჩნენ სიკეთით და ბუნების სილამაზით. ამ შეფასებებიდან გამომდინარე, მოლოდინი უკეთესი გვქონდა, ვიდრე რეალობა აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, საინტერესეო ქვეყანაა. შეგიძლიათ მოინახულოთ მთები და კანიონები, უდაბნო და ვადიები (პრაქტიკულად მდინარეებისგან შექმნილი კანიონები), ულამაზესი ზღვისპირა ადგილები და ციხესიმაგრეები (თითქმის ყველა ქალაქს თავისი ციხესიმაგრე აქვს. ეს ისტორიულად ხშირი ტომობრივი დაპირისპირებების შედეგია).

შეგვხვდა ბევრი კეთილი ხალხი. რამდენიმე შემთხვევა:

  • ერთმა კაცმა – საუდი ერქვა – გზაზე რომ დაგვინახა ტაქსს ველოდით, თავისი მარშრუტიდან სულ სხვა მიმართულებით წაგვიყვანა ალ ჰამრადან მისფატ ალ აბრიენში და მოგვატარა. ჩვენ დავიბენით და ძველი გამოცდილებით ველოდით, რომ ფულს მოგვთხოვდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სრულიად უფასოდ გაგვიკეთა ეს ყველაფერი.
  • ერთმა ქალმა დაინახა ფეხის გადაბრუნების მომენტი. მოვიდა ჩვენთან და რაღაც სპრეი მოგვიტანა, ფრანგულია და მე ძალიან მიშველაო. თვითონ დაასხა კაცს ფეხზე, არც კი მომცა (მათთვის ეს დიდი ამბავია, რომ უცხო კაცთან მოვიდა საერთოდ და გამოგველაპარაკა).
  • სურში ქუჩაში რომ გავჩერდით ცოტა ხანს ჩრდილში გზის საპოვნელად, ერთი კაცი გამოვიდა თავისი მაღაზიიდან და წყლის ბოთლები გამოგვიტანა, ცხელა და დალიეთო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, უამრავი უსამართლობა ვნახეთ. როგორც იცით, ბევრი იმიგრანტი ცხოვრობს ომანში. ზუსტი ინფორმაცია ძნელი მოსაძიებელია, მაგრამ 20% მინიმუმ ინდოელი და პაკისტანელი იმიგრანტები არიან, რომლებიც, როგორც ხვდებით, ყველაზე ნაკლებად პოპულარულ სამუშაოს ასრულებენ და როგორც მონებს, ისე ეპყრობიან. ყოველი ფეხის ნაბიჯხე ომანელს აქვს მათთან შედარებით ყველანაირი პრივილეგია. მაგალითისთვის, ავტობუსებში წინა ნაწილი ოჯახებისთვის არის გამოყოფილი – ომანელ მარტო მყოფ კაცებს აძლევენ აქ დაჯდომის უფლებასაც, ინდოელებს კი აუცილებლად უკან უწევთ დაჯდომა, წინა ნაწილი სულ ცარიელიც რომ იყოს. მაღაზიებშიც ძალიან აგდებულად ექცევიან იმიგრანტებს. თუმცა მანქანით თუ გადაადგილდებით და ძალიან მცირე კონტაქტი გაქვთ რეალურად, ამ ყველაფერს ალბათ ვერც შეამჩნევთ თავისთავად.

ხალხი ძირითადად სავაჭრო ცენტრებში ცხოვრობს. არ ვაჭარბებ, ნამდვილად ასეა 😊 ალბათ გაერთიანებულ საემიროებში გინახავთ. საჭმელი ადგილების უმრავლესობა სავაჭრო ცენტრებშია, ხალხი ერთმანეთს აქ ხვდება, სასეირნოდ აქ დადიან და ასე შემდეგ. პირველ დღეს რომ ჩავედით და გავისეირნეთ ზღვის ნაპირზე მუსკატში, გაოცებული დავრჩით, ქალაქი ცარიელის შთაბეჭდილებას ტოვებდა და იშვიათად შეგხვდებოდა ვინმე. შემდეგ სავაჭრო ცენტრში შევედით და გადაჭედილი დაგვხვდა. ამის შემდეგ უკვე აღარ გვიკვირდა.

ჩვენი მოგზაურობის განრიგი:

დღე 1 – მუსკატი – ციხესიმაგრეები, ბაზარი, სასახლე

დღე 2 – სური და მიმდებარე ტერიტორია

დღე 3 – ვადი შაბი

დღე 4 – დაბრუნება მუსკატში (თუ მანქანა გყავთ, შეგიძლიათ პირდაპირ გაემგზავროთ ნიზვასკენ და გზად უდაბნო მოინახულოთ – თუმცა გაითვალისწინეთ უდაბნოში კარვები და ყველანაირი მომსახურება უძვირესია და მხოლოდ მაშინ გირჩევთ, თუ უდაბნოში არასოდეს ყოფილხართ აქამდე).

დღე 5 – ნიზვას ციხესიმაგრე, ბაჰლას ციხესიმაგრე და ჯიბრინის სასახლე.

დღე 6 – ალ ჰამრა, მისფატ ალ აბრიენი, ჯებელ შამსი (მთის გადმოსახედები). თუ ლაშქრობები გიყვართ, აქ ბევრად დიდხანს შეგიძლიათ დარჩეთ.

დღე 7 – ბირკატ ალ მოუზი, ჯებელ ახდარი (აქაც უამრავი სალაშქრო ადგილია).

დღე 8 – დაბრუნება მუსკატში, შესაძლებელია დაიმანიატის კუნძულებზე გემით გადასხვა.

ჩვენ ამ ყველაფრის ნახვა სრულად ვერ მოვახერხეთ გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ეს განრიგი ყველაზე მოსახერხებელია, იმის მიუხედავად მანქანას იქირავებთ თუ არა. ტრანსპორტზე დეტალებს დამატებით დავწერ, ისედაც ძალიან გრძელი გამომოვიდა 😊

თუ მეტი დრო გაქვთ, ბევრს აინტერესებს დიდი ზომის კუს მონახულება. ისინი ზღვიდან ღამე ამოდიან და კვერცხებს დებენ ნაპირზე. ამის სანახავად ღამე სპეციალური ტურები არსებობს. ძნელი მისადგომი რომ არ ყოფილიყო, მე თვითონ დიდი სიამოვნებით წავიდოდი სოფლებში ვაკანი და ბალდ საიტი.

 

ვიზა

რამდენიმე თვის წინ ომანმა საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ადგილზე უფასოდ იღებენ ვიზას. შესაბამისად, ძალიან გამარტივდა ჩვენთვის ომანში მოგზაურობა. ადგილზე მხოლოდ სასტუმროს სახელი გვკითხეს სად ვჩერდებით და უკანა გზის ბილეთი. წესების თანახმად დაზღვევაც საჭიროა. ამის საფუძველზე იძლევიან 14 დღიან ვიზას.

 

ფრენა

თბილისიდან ტრანსფერით რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს მუსკატში (თუ მასკატში). თუმცა ეს არ არის ყველაზე იაფი ვარიანტი აქ მგზავრობის. იქიდან გამომდინარე, რომ გაერთიანებულ არაბთა საემიროებმა ვიზა გააუქმა და ვიზეარი აბუ დაბიში დაფრინავს, ყველაზე იაფი იქნებოდა, თუ დუბაიდან ავტობუსით წახვალთ მუსკატში. როგორც ვიცი, ბილეთების ყიდვა წინასწარ ონლაინ არ არის შესაძლებელი. ავტობუსს დაახლოებით 5-6 საათი სჭირდება – საზღვარზე დიდხანს თუ არ მოგიწიათ რიგში ან საცობებში თუ არ მოხვდით.

 

რომელ თვეებში ჯობს ომანში გამგზავრება ?

ყველაზე კარგი პერიოდი ზამთარია. ალბათ იანვარი აჯობებს. ნოემბრის დასაწყისი საკმაოდ ცხელი იყო ჯერაც. ამინდები დაახლოებით ისეთივეა, როგორც დუბაიში, შესაბამისად შეიძლება ტემპერატურა ისეთი მაღალი არ იყოს, მაგრამ ბევრად უფრო იგრძნობა. მაგალითად 30 გრადუსი ბევრად გაწუხებს ვიდრე, მაგალითად, იტალიაში.

 

უსაფრთხოება

უსაფრთხოების სტანდარტები ძალიან მაღალია. ვინც დუბაიში ხართ ნამყოფი, სიტუაცია მსგავსია, ძალიან მკაცრი კანონებით. თუ სადმე მთლად უკაცრიელ ადგილას მარტო არ წახვალთ და უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს დაიცავთ, წესით არანაირ პრობლემას არ უნდა გადაეყაროთ. სხვა არაბული ქვეყნებისაგან განსხვავებით, რაიმე სახის წამოძახებებიც არ ყოფილა.

ფული

დოლარი იქონიეთ და ადგილზე გადაახურდავეთ. 1 რიალი დაახლოებით 2.6 დოლარია, შესაბამისად ძალიან ძვირი ქვეყანაა ნამდვილად, შესაბამისად, სუპერმარკეტის საჭმელს ვჭამდით ხშირად. ასევე თავისუფლად შეგიძლიათ ბარათი გამოიყენოთ, ძალიან ცუდი კურსით არ ახურდავებდა.

სიმ ბარათი

აეროპორტშივე Ooredoo შეგხვდებათ. შეგიძლიათ იყიდოთ 3 რიალად ერთ კვირიანი პაკეტი 2 გიგაბაიტი ინტერნეტით.

ტანსაცმელი

რაიმე ოფიციალური შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა ვერავის ნახავთ მხრები და მუხლები დაფარული რომ არ ჰქონდეს. ადგილობრივების უმრავლესობას ტრადიციული ტანსაცმელი აცვიათ: ქალებს – შავი, სახის გარდა სრულიად დაფარული, კაცებს – თეთრი.

საჭმელი

მე, როგორც წესი, მიყვარს საჭმელი ადგილების წინასწარ შეთვალიერება და რჩევების შესაბამისად ყველაზე გემრიელად აღიარებულ და შედარებით იაფიან ადგილებში წასვლა. ომანში ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ერთი-ორი რესტორანი გვირჩიეს, ისიც ისეთ მიუდგომელ ადგილებში, სპეციალურად წასვლა დაგვეზარა. უბრალოდ რაც შეგვხვდა, არც ერთმა არ გაამართლა. თანაც ყველაზე უბრალო ადგილებიც კი ძვირია, ამიტომ სუპერმარკეტის საჭმელზე გადავერთეთ ძირითადა.

სხვათა შორის მაწონს mazoon-ს ეძახიან. ასევე რძის უამრავი სახეობა აქვთ, ხოდა აქლემის რძეც გავსინჯეთ, სუპერმარკეტებში იყიდება ჩვეულებრივ. ბევრი მონატრებული ბრიტანული ბრენდიც ვიპოვეთ. სავაჭრო ცენტრებში კაფეების უმრავლესობა ბრიტანული ან კანადურია, სხვათა შორის.

სასტუმროები

ომანი არ არის backpacker-ებისთვის მოწყობილი. შესაბამისად ჰოსტელებს პრაქტიკულად ვერ იპოვით. ძალიან იაფად ერთადერთი ალბათ, საკუთარი კარვით თუ იქნებით ან იქირავებთ და ასე დაიძინებთ უდაბნოში თუ სხვა ადგილებში.

მასკატში, სურსა და, შედარებით ნაკლებად, ნიზვაში არის სასტუმროების არჩევანი – მათი ფასები 50-60 დოლარიდან იწყება. ამ ფასად ნორმალური ადგილის აღმოჩენა შეგიძლიათ. მასკატში ზღვის ნაპირას – მუტრას თუ ქურუმის ტერიტორიაზე – საკმაოდ ძვირია ადგილები, შესაბამისად, ყველაზე მოსახერხებელი იყო ალ ხუვაირ ტერიტორიაზე სასტუმროს პოვნა, სულთან ქაბუსის გზატკეცილიდან ახლოს. ჩვენ აქ Wyndham Garden სასტუმროში 60-75 დოლარი გადავიხადეთ ღამეში სხვადასხვა დროს (გააჩნია რამდენად ადრე დაჯავშნით). სურში Sur Plaza ნორმალური იყო, თუმცა ზღვის ნაპირიდან შორს. ნიზვაში დიდად ვერ გირჩევთ ჩვენს სასტუმროს 😊

ტრანსპორტი

ომანი ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მათ შორის, რაც აქამდე მინახავს, სადაც გირჩევდით მანქანის დაქირავებას. ეს საკმაოდ ნორმალური ფასი დაგიჯდებათ (თუ 4×4 არ არის – რაც საჭიროა თუ ჯებელ ახდარში, ჯებელ შამსსა და უდაბნოში გინდათ წასვლა) და საწვავიც ძალიან იაფია. თუმცა მანქანის გარეშეც არის შესაძლებელი ბევრი ადგილის ნახვა, საჯარო ტრანსპორტი დიდად არ არის განვითარებული და ბევრად მეტი დრო სჭირდება და ზოგ ადგილას მაინც მოგიწევთ ტაქსის დაქირავება.

ავტობუსები მთავარ ქალაქებს შორის არსებობს, თუმცა დღეში მხოლოდ 2 რეისი მაქსიმუმ. არის ასევე shared taxi, თუმცა მოუხერხებელია, რადგან სხვა ადამიანების ლოდინი გიწევთ და იმის გამო, რომ ეს ადგილობრივებისათვის არ არის გადაადგილების მთავარი მეთოდი, ბევრად რთულია.

ქალაქებში, გარდა მასკატისა, ავტობუსები არ შეგხვდებათ, ამიტომ ტაქსია ძირითადი გადაადგილების საშუალება. Otaxi აპლიკაცია გადმოწერეთ, ეს შედარებით იაფია, ვიდრე Marhaba, თუმცა უფრო მეტი ღირს, ვიდრე ადგილზე რომ გააჩეროთ. ასე თუ ისე, გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით, რომ ძალიან ბევრი არ გადაიხადოთ. ნიზვაში ერთმა ინდოელმა გვითხრა, რომ რეალური ფასი სურის ბაზრიდან სავაჭრო ცენტრამდე 600 ბაისაა, მაშინ, როცა აპლიკაცია 1.5 რიალს წერდა. ჩვენ როგორც წესი ამაში 1 რიალს ვიხდიდით.

ავტობუსები ქალაქებს შორის

https://mwasalat.om/home – ეს სახელმწიფო კომპანია, რომლის ავტობუსებიც გადაადგილდებიან ომანში (სხვა არც გვინახავს). ბილეთების ყიდვა ონლაინ ვერ შევძელით ჩვენი ბარათებით, ამიტომ ერთადერთი მეთოდი ადგილზე ყიდვაა ან თქვენს სასტუმროს თუ სთხოვთ, შეიძლება დახმარება გაგიწიონ.

მასკატიდან დუბაიში და უკან – დღეში სამი რეისია. მასკატში #201 ავტობუსები გადიან აზაიბას სადგურიდან, დუბაიში – აბუ ჰეილის და ალ რაშიდიას სადგურებიდან.

მასკატიდან ნიზვაში და უკან – დღეში ორი რეისია. #53 და 54 ავტობუსები გადიან (განრიგი შეგიძლიათ საიტზე ნახოთ) მასკატში აზაიბას სადგურიდან და აეროპორტსაც გაივლიან. Nizwa Souq 3 გაჩერებაა ყველაზე ახლოს ციხესიმაგრესთან. უკან დასაბრუნებლად გირჩევთ Firq სადგურზე მიხვიდეთ, შუაში გაჩერებებზე თუ დადგებით, ვერ გაიგებთ თუ აგვიანებს (ხშირად აგვიანებენ, სხვათა შორის).

მასკატიდან სურში და უკან – დღეში ორი რეისია. #36 და 55 ავტობუსები გადიან (განრიგი შეგიძლიათ საიტზე ნახოთ) მასკატში აზაიბას სადგურიდან. ორი სხვადასხვა გზით მიდიან. #36 შუადღის რეისი რუვის სადგურსაც გაივლის და აქედან გირჩევთ წაყოლას. სურში ავტობუსების სადგურია ყველაზე უკეთესი ჩამოსასვლელად და უკან მასკატში წასასვლელადაც. ასე 4.30-5 საათი სჭირდება (გააჩნია, რომელი გზით მიდის). ამ რეისზე არ დაუგვიანია.

მასკატიდან სალალაში – დღეში ორი რეისია #100, თუმცა ამ მეთოდით არ გირჩევთ, 13 საათი სჭირდება. მანქანითაც ბევრად ნაკლები არ დაგჭირდებათ. ამიტომ თუ სალალაში მოხვედრა გსურთ, ფრენა ჯობს. Omanair-ს აქვს შიდა ფრენები.

ტაქსები

ტაქსების (რომელთა სხვასთან გაყოფა შეგიძლია) სადგურები რამდენიმეა. მასკატში სურისკენ მიმავალი ტაქსები ვადი ადაის მოედანზე დგანან, ხოლო ნიზვასკენ მიმავალი – ბურჯ ალ საჰვას მოედანზე. თუ ავტობუსის განრიგი არ გაწყობთ, ესეც შედარებით იაფი მეთოდია გადაადგილების.

ნიზვაში ტაქსების გაჩერება Bank Dhofar-თან ახლოს არის. აქედან შეგიძლიათ ალ ჰამრაში, ბაჰლასა და ბირკატ ალ მოუზში წასასვლელად გაიყოთ ტაქსის ფასი. მთელი ტაქსი 4 რიალზე მეტი არ უნდა ღირდეს. მასკატში წასასვლელად გაჩერება ფირქის სადგურთან ახლოსაა.

ავტობუსები მასკატში

როგორც ტურისტს მხოლოდ შემდეგი ავტობუსები დაგჭირდებათ:

აეროპორტიდან რუვის სადგურამდე სულთან ქაბუსის გზატკეცილით დადის A1, რომელიც 500 ბაისა ღირს. თუ სასტუმრო ალ ხუვაირში ან ალ გუბრაში გაქვთ (სულთან ქაბუსის მეჩეთთან), ეს საკმაოდ მოსახერხებელია.

რუვის სადგურიდან მუტრას ტერიტორიაზე დადის ავტობუსი #4.

ქალაქის ავტობუსები ძალიან მოწესრიგებული და ახალია, თუმცა ძალიან ცივა შიგნით. მე ჟაკეტს ვატარებდი ავტობუსში და სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად.

Leave a Reply