პრაქტიკული რჩევები იორდანიაში მოგზაურობისათვის

ფრენა

თბილისიდან ტრანსფერით რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს ამანში, თუმცა ეს რა თქმა უნდა 400-500 დოლარზე ნაკლები არ დაგიჯდებათ. თუ უფრო იაფად გსურთ და დრო გაქვთ, ცოტა რთული გზითაც შეიძლება. ვიზეარით გაფრინდით ათენში ან რომელიმე ქალაქში, საიდანაც რაიანეარი დაფრინავს ამანში ან პეტრაში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ბევრად მეტი დრო და დაგეგმვა დაგჭირდებათ, თუმცა ბევრად იაფად შეძლებთ მგზავრობას.

რომელ თვეებში ჯობს იორდანიის მონახულება?

ყველაზე კარგი პერიოდია ოქტომბერი-ნოემბრის პირველი ნახევარი და აპრილი, მაისიც გარკვეულწილად. ამ პერიოდებში არსებობს წვიმის შანსი, თუმცა არც თუ ისე დიდი. ზაფხულში საშინელი სიცხეა, ზამთარში ცივა.

ჩვენ ოქტომბერში 9 დღიდან მხოლოდ ნახევარი დღე დაგვემთხვა წვიმიანი (პეტრას პირველი დღე სამწუხაროდ), თუმცა ასე 2 საათის შემდეგ გამოიდარა. დანარჩენი კომფორტულად თბილი/ცხელი დღეები იყო.

უსაფრთხოება

ბევრი კითხულობს, იორდანია საშიში რამდენად არის – ჩემი (და არა მარტო ჩემი) აზრით რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მოგზაურებისათვის. ჩვენ საფრთხე ნამდვილად არ შეგინიშნავს არსად, მათ შორის ავტობუსების სადგურებზე, უდაბნოში თუ პეტრას უკაცრიელ ნაწილებში (თუმცა მე მარტო არ ვყოფილვარ, მარტო მოგზაურ ქალებსაც ვიცნობ). რაც ყველაზე შემაწუხებელია, როგორც სხვა არაბ ქვეყნებში, ბევრი ცდილობს რაღაც მოგყიდოთ, მოგატყუოთ და ასე შემდეგ, მაგრამ თუ სტანდარტულ უსაფრთხოების წესებს იცავთ და დაახლოებით მაინც იცით, რა გეგმა გაქვთ და რა რა ღირს, პრობლემები არ უნდა შეგექმნათ.

ვიზა

აუცილებლად იყიდეთ Jordan Pass. მასში შედის ვიზის გადასახადიც. მხოლოდ პეტრას სანახავადაც რომ მიდიოდეთ, მაინც ღირს. წინასწარ ონლაინ უნდა იყიდოთ ამ საიტზე – https://www.jordanpass.jo. ღირს 70, 75 ან 80 დინარი (იმის მიხედვით პეტრაში რამდენი დღე გსურთ გაჩერება). ჩვენ 75 დინარიანი ვიყიდეთ (პეტრაში 2 დღე). აქედან 55 დინარს მხოლოდ პეტრაში შესვლაში გადავიხდიდით, ეს რომ არ გვეყიდა. ასევე, ვიზა ადგილზე მგონი 40 დოლარი ღირს (შეიძლება ვცდებოდე ფასში).

ადგილზე უნდა აჩვენოთ სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი და შევსებული ფორმა – https://www.gateway2jordan.gov.jo/index.html. სხვათა შორის გამგზავრებამდე თბილისში კატარის ავიახაზებმა დეტალურად გამოიძია ეს ფორმაც, ჩვენი სასტუმროებიც და ბილეთებიც.

ფული

ფულს რაც შეეხება, დოლარი იქონიეთ და დინარზე გადაახურდავეთ. ჩვენ აეროპორტში ბანკში გადავახურდავეთ ძალიან კარგი კურსით (როგორც შემდეგ მივხვდით 😊 ). ასევე არის ოფისები გრანდ ჰუსეინის მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. პეტრაში (ანუ ვადი მუსაში) ყველგან უარესი კურსია და გირჩევთ წინასწარ ამანში გადაახურდავოთ.

საბანკო ბარათით სასტუმროებში გადახდას არ გირჩევთ, რადგან 7 დოლარი დაემატა. ეს სასტუმროს გამო არ არის, რაღაც ოფიციალური დანამატია. ამიტომ აჯობებს, ქეში წაიღოთ.

სასტუმროები

საშუალო დონის სასტუმროებს ასე 60-70 დოლარის ფარგლებში იპოვით.

ჩემი არჩეული სასტუმროები, რომლებმაც ჩვენთვის გაამართლა:

ამანი – The Y hotel, ნორმალური სასტუმრო იყო ცენტრიდან ასე 15-20 წუთის სავალზე (ოღონდ ნაწილობრივ აღმართზე). საკმაოდ სუფთა. გაითვალისწინეთ, რომ ამანში უამრავი აღმართ-დაღმართია და მანძილები შესაბამისად გათვალეთ.

ვადი მუსა – Petra Aretas, პეტრას შესასვლელიდან მაქს 5 წუთის სავალზე, ძალიან კმაყოფილები ვიყავით ამ სასტუმროსი, სუფთა და მოწესრიგებულია.

ვადი რუმი – Hassan Zawaideh camp. რადგან ბევრი რამ მაქვს წაკითხული, როგორ იტყუებიან და ასე შემდეგ, აქ შედარებით პოპულარული, ბევრი შეფასების მქონე ადგილი ავარჩიე. „ოთახი“/“კარავი“ 60 დოლარის ფარგლებში ღირს, თუმცა სრულიად მოწესრიგებულია, კარგი აბაზანით. ე.წ. „მარსის კარვების“ ფასები აქაც, როგორც სხვაგან 150 დოლარიდან იწყება. არსებობს ადგილები, სადაც 10 დოლარადაც და უფრო იაფადაც შეგიძლიათ კარავი დაჯავშნოთ, თუმცა რაც წავიკითხე, ბევრი იტყუება, ტურებზე დიდ თანხებს ითხოვს და ასე შემდეგ, ამიტომ ადგილის შერჩევამდე კარგად გაარკვიეთ. ტურებს რაც შეეხება, ჯიპი 4 საათით 60 დინარი ღირდა (6 ადამიანი ეტევა, თუ მოახერხებთ სხვა ადამიანების პოვნას და განაწილებას).

მკვდარი ზღვა – Ramada. რამადას სტანდარტებს ნამდვილად ძალიან ჩამორჩებოდა და დიდი სისუფთავითაც ვერ გამოირჩეოდა, თუმცა მკვდარ ზღვაზე ყველაზე იაფიანი სასტუმროა, ასე 80 დოლარი ღამეში. იმის გათვალისწინებით, რომ სანაპიროს ის ნაწილი, რომელიც მგონი ადრე 10 (თუ 20) დინარი ღირდა (თუ ვინმე ყოფილა უკეთ ეცოდინება ფასი) და თავისი შხაპები ჰქონდა, დაკეტილია 2020 წლიდან მოყოლებული, თქვენი არჩევანია:

  • სრულიად უფასო ნაწილი მონახოთ სამხრეთით (საკმაოდ შორს მოგიწევთ ამისთვის წასვლა). ამის მინუსი ისაა, რომ მარილი ძალიან შემაწუხებელია, თუ არ ჩამოიბანეთ ზღვიდან ამოსვლის შემდეგ. პრინციპში თუ მანქანით მიდიხართ, ალბათ შეიძლება წყლის ბოთლებით წაღება და ასე გადავლება.
  • რომელიმე სასტუმრო დაჯავშნოთ ერთი ღამით
  • სასტუმროს ტერიტორიაზე დღე შესვლის თანხა გადაიხადოთ. ამის ფასი არ ვიცი, მაგრამ რამდენიმეგან ვნახე, რომ 50 დოლარიდან იწყება ფასები, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორი ინფორმაციაა.

აქაბა – Turqoise. ცენტრიდან ასე 10 წუთის სავალზეა. სასტუმრო მოგვეწონა, სუფთაა და კომფორტული.

ტრანსპორტი

ქალაქთაშორისი ტრანსპორტი მხოლოდ ავტობუსებია. არსებობს Jett Bus კომპანია, რომელიც ტურისტულ ადგილებში მიდის, თუმცა იაფი არ არის და განრიგიც არცთუ სახარბიელო აქვს. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მისი გამოყენება თავისუფლად. ჩვენი გამოცდილებით ყოველთვის დროზე გადის და (თუ საცობებში არ მოყვა), დანიშნულ დროს ჩადის დანიშნულების ადგილას. https://www.jett.com.jo/en ; https://www.jtt.com.jo/en/programs- ორივე ბმულზე შეამოწმეთ, ზოგი მარშრუტი ჩვეულებრივ განრიგში არ არის, მაგრამ ტურისტულ განრიგშია.

თუ ჯეტი არ მიდის იქ, სადაც თქვენ გსურთ ან მისი განრიგი ან ფასი არ გაწყობთ, დასახლებულ პუნქტებს შორის დადიან ადგილობრივი მინი-ავტობუსები, რომლებიც საკმაოდ იაფია. თუმცა არავითარი განრიგი – გადიან როცა ხალხი მოგროვდება. გარდა ამისა, მათი გამოყენება ძირითადად მხოლოდ ამანიდან და ამანისკენ არის შესაძლებელი. ბევრად ნაკლები არჩევანი გაქვთ, მაგალითად, ვადი რუმში.

  1. აეროპორტიდან ამანის ჩრდილოეთის სადგურზე Tabarbour მიდის ავტობუსი და 3.60 დინარი ღირს. აქედან ტაქსი დაგჭირდებათ ცენტრამდე, რაც 2-3 დინარი დაგიჯდებათ. უბერი აეროპორტიდან და აეროპორტამდე 15-18 დინარი ღირს, გააჩნია დროს.
  2. ამანიდან ჯერაშში ან აჯლოუნში წასასვლელად Tabarbour ჩრდილოეთის სადგურზე უნდა მიხვიდეთ და უბრალოდ იკითხოთ, რომელი ავტობუსი მიდის. 1 დინარზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ გადაიხადოთ. ჯერაშიდან შუადღის მერე თუ მოდიხართ, ავტობუსები მუზეუმის შესასვლელიდან ახლოს ჩერდებიან. უკან წამოსასვლელად დაგტოვებენ სვეილეში (შესაძლოა გზა გააგრძელონ, მაგრამ იმედი ნუ გექნებათ). სვეილედან კი ჯორდანის მუზეუმამდე (ანუ ქალაქის ცენტრამდე) მიდის BRT ავტობუსები. ეს ავტობუსები 2021 წლიდან დადიან და საკმაოდ კომფორტული ტრანსპორტია. თუმცა მხოლოდ ორი ხაზი აქვთ ჯერ გახსნილი.
  3. ამანიდან პეტრაში წასასვლელად ადგილობრივი მინი ავტობუსების სადგური სამხრეთის სადგურია. აქაც უნდა იკითხოთ, რომელი ავტობუსი მიდის და შევსებას დაელოდოთ. როგორც ვიცი ფასები 3-5 დინარს შორის მერყეობს.
  4. ამანიდან სალტში წასასვლელად სვეილეში მოგიწევთ წასვლა. მე წავიკითხე რომ ჩრდილოეთის სადგურიდანაც დადის ავტობუსები, თუმცა არა. ამიტომ სვეილემდე მიდით BRT ავტობუსით და იქიდან მინი ავტობუსი მონახეთ. ორ ადამიანზე 1 დინარი გადავიხადეთ.
  5. ამანიდან მკვდარ ზღვაზე უფრო რთულია წასვლა. ადგილობრივი ავტობუსები სამხრეთის სადგურიდან მხოლოდ მახლობელ რამემდე (სოფელი თუ დაბაა) მიდიან, აქედან მაინც ტაქსი გჭირდებათ. უბერმა რამადამდე ასე 20 დინარი დაწერა და მადაბას და ნებოს მთის გავლით 32.
  6. პეტრადან ვადი რუმში ჯეტ ავტობუსი საღამოს 5 საათზე გადის, ხოლო ადგილობრივი ავტობუსი დილის 7 საათზე (ეს ავტობუსი აუცილებლად უნდა დაჯავშნოთ სასტუმროს ან ადგილობროვი პიროვნების მეშვეობით).
  7. ვადი რუმიდან აქაბაში ჯეტის ავტობუსები დადის საღამოს, თუმცა ორი ადამიანიც კი თუ ხართ, ფასი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ტრანსფერი რომ დაიქირავოთ. ადგილობრივი ავტობუსები დილით დადის.
  8. აქაბადან ამანში ჯეტის ავტობუსები დღეში რამდენჯერმე დადის და 11 დინარი ღირს, ამიტომ ამ მონაკვეთზე ჯეტით იმგზავრეთ.

ქალაქებში გადაადგილება ძირითადად ფეხით ან ტაქსებით. ამანში ბრტ-ს გარდა სხვა ავტობუსები ისე არეულად დადიან, არც გვიცდია გარკვევა. ამანში უბერი მუშაობს და კარგად ვიყენებდით თუმცა სხვა ქალაქებში არ მოქმედებს. თუ ტაქსს უბრალოდ გააჩერებთ, გაითვალისწინეთ რომ ორმაგს მაინც გეტყვით.

მანქანის დაქირავება ღირს თუ არა თქვენთვის, თავად გადაწყვიტეთ იმის მიხედვით, რამდენი ადამიანი მიდიხართ, რის ნახვას გეგმავთ, და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას რამდენად მოახერხებთ. ამანში ისეთი საშინელი მოძრაობაა, თბილისზე უარესია, თუმცა ქალაქგარეთ საკმაოდ ადვილია, გამოცდილი მძღოლობა არც გჭირდებათ.

ტანსაცმელი

რაიმე ოფიციალური შეზღუდვა არ არსებობს, შეგიძლიათ ნებისმიერი რამ გეცვათ (ტურისტები მოკლე შორტებშიც ბევრი ვნახეთ), თუმცა უცნაურ გამოხედვებს ვერ გაექცევით. ამიტომ აჯობებს მხრები და მუხლები დაფარული გქონდეთ.

საჭმელი

როგორც მოელით, ძალიან გემრიელია. მე სულ ჰუმუსს ვჭამდი ხორცით. რეკომენდირებული ადგილები:

ამანში – Jafra restaurant – ყველაზე გემრიელი საჭმელი აქ იყო, Hashem restaurant – ყველაზე პოპულარული ადგილი ფალაფელისთვის, art café ყავისთვის, habibah sweets – ძალიან პოპულარული ადგილი კუნეფეს და ფახლავასათვის, სულ რიგებით. ძალიან იაფიანი ადგილები – Shawarma Reem, Al Siran restaurant.

პეტრა/ვადი მუსა – რადგან მხოლოდ ტურისტებისთვის განკუთვნილი ქალაქია, უფრო ძნელია კარგი საჭმელის აღმოჩენა. იაფიანი ვცადეთ, მაგრამ საშინელება იყო, Palm Court Restaurant არ გაეკაროთ. Mom’s kitchen კარგია. ყველაზე მეტად მოგვეწონა Al Wadi.

აქაბა – პოპულარული Ali Baba restaurant დიდი ვერაფერი იყო. Khubza and Seneya გასინჯვა ვერ მოვასწარით, თუმცა უამრავი ხალხი ყავდათ და ღირს ალბათ დატესტვად. ყავისთვის V60 Specialty Coffee roasters.

იორდანიაში ძირითადად მხოლოდ პეტრას სანახავად მოგზაურობენ, თუმცა სხვაც ბევრია სანახავი. გიზიარებთ ჩვენი მოგზაურობის განრიგს:

დღე 1 – ამანი (ციტადელი, რომაული თეატრი, ცისარტყელების ქუჩა და სხვა)

დღე 2 – ჯერაში (თუ დრო გაქვთ ალჯოუნის ციხესიმაგრე)

დღე 3 – მადაბა, ნებოს მთა, მკვდარი ზღვა

დღე 4 – King’s highway მგზავრობა პეტრამდე (ამას გირჩევთ მხოლოდ, თუ მანქანას იქირავებთ, სხვა შემთხვევაში არ ღირს. მძღოლის დაქირავება ძალიან ძვირია).

დღე 5-6 – პეტრა. რა თქმა უნდა პეტრა გრანდიოზული და ძალიან შთამბეჭდავია. აქ ბევრად მეტია სანახავი, ვიდრე ხაზინა. ტურისტების დიდი ნაწილი მხოლოდ მცირე მონაკვეთს ნახულობს რამდენიმე საათში, თუმცა მე გირჩევდით 2 დღე მაინც დაუთმოთ. დეტალებს, რა უნდა ნახოთ აქ, მერე დავწერ.

დღე 7 – ვადი რამი (თუ რუმი, მაინც არ ვიცი). მე ძალიან მომეწონა. ღამის გატარებას გირჩევთ აქ და ჯიპ ტური არ გამოტოვოთ. ასევე შესაძლებელია ძველი მატარებლით მგზავრობა (კვირაში ერთხელ არის ხოლმე წარმოდგენასავით გაკეთებული არაბების ოტომანებზე გამარჯვების სცენები).

დღე 8 – აქაბა (შეგიძლიათ გამოტოვოთ აქაბა ძალიან ადვილად. სასიამოვნო ქალაქია და თუ ყვინთვა გიყვართ, მოგეწონებათ, მაგრამ დიდს არაფერს დაკარგავთ, თუ არ წახვალთ).

დღე 9 – სალტი – ეს პატარა ქალაქი ამანთან ახლოს აღმოჩენა იყო. უსაყვარლესი და სასიამოვნო ქალაქია. ტურისტები სულ რამდენიმე ვნახეთ და თავისუფლად ვიხეტიალეთ. აუცილებლად გამოუყავით რამდენიმე საათი.

თუ მეტი დრო გაქვთ – ვადი მუჯიბი (ცურვის ცოდნა როგორც ვიცი საჭიროა), დანას ნაკრძალი, უდაბნოს ციხესიმაგრეები, უმ ქაისი.

Leave a Reply